სწავლები მესამე (ბოლო) ეტაპი
მოსმენა - მოსასმენი ტექსტების სპექტრი უფრო ფართო და კომპლექსური
შინაარსისაა. თუკი
აქამდე მოსასმენი ტექსტები გამოიყენებოდა ზეპირმეტყველების ნიმუშებად, ახლა
მეტყველება და მოსმენა აღარ არის ურთიერთგადაჯაჭვული, ურთიერთდაქვემდებარებული.
ამდენად, თავისუფლად შეიძლება გამოვიყენოთ ავთენტური მასალა და საშუალება მივცეთ
მოსმენის უნარს, ზეპირმეტყველებისაგან დამოუკიდებლად უფრო სწრაფად და ღრმად განვითარდეს.
ლაპარაკი - სწავლების სტრატეგიები ამ ეტაპზე მიმართულია თვითგამოხატვის
უნარის დახვეწისა და გამდიდრებისაკენ. მოსწავლეები უკვე წინასწარი მომზადების
გარეშე მონაწილეობენ ინტერაქციაში, გაბმულად საუბრობენ მათთვის საინტერესო
თემებზე; დეტალურად პასუხობენ საკითხის/თემის გარშემო დასმულ კითხვებზე;
არგუმენტირებულად მსჯელობენ პრობლემურ საკითხებზე; მოჰყავთ დამატებითი
მტკიცებულებები საკუთარი თვალსაზრისის გასამყარებლად, აფასებენ ალტერნატიულ
წინადადებებს და სხვა.
კითხვა - ამ ეტაპზე ზეპირი თუ წერითი მეტყველების უნარის
განვითარების მთავარ წყაროს კითხვა წარმოადგენს. მისი საშუალებით მოსწავლე იმდიდრებს ენობრივ
მარაგს და სწავლაშიც უფრო დამოუკიდებელი
ხდება. უნდა გაიზარდოს ტექსტების მოცულობა
და სირთულის დონე. მოსწავლეებს მოეთხოვებათ უკვე არაადაპტირებული სხვადასხვა
ფუნქციური სტილის (როგორც მხატვრული, ისე არამხატვრული) ტექსტების გაგება და
გაანალიზება როგორც შინაარსის, ისე მათი სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების
მიხედვით.
მოსწავლეებს
კითხვის სტრატეგიების გამოყენება მოეთხოვებათ უკვე ტექსტის სიღრმისეული შესწავლის
მიზნით. ისინი ეუფლებიან სქემატური ჩანაწერების სხვადასხვა ტექნიკას, რომლებიც ცალკე
შედეგად გადის კითხვის მიმართულებაში.
კვლავ ცალკე შედეგად გადის ე.წ. კულტურათა
დიალოგი. მოსწავლეები არა მარტო აანალიზებენ ტექსტს ინტერკულტურული თვალსაზრისით,
არამედ მსჯელობენ სხვადასხვა ნაწარმოებში ასახული ფასეულობებისა და შეხედულებების
მსგავსება-განსხვავებებზე და ასახელებენ მათ გამომწვევ ფაქტორებს.
წერა - ბოლო ეტაპზე მოსწავლე
უნდა დაეუფლოს ისეთი ფუნქციონალური ტექსტების წერას, რომლებიც მას
დასჭირდება სასწავლო ან სამეცნიერო მასალის დამუშავებისას (მაგ., კონსპექტის
შედგენა; რეფერატის დაწერა როგორც ერთი წყაროს, ისე სხვადასხვა წყაროს მიხედვით;
რეზიუმეს, გამოკვლევის დაწერა).
მოსწავლეები
ქმნიან სხვადასხვა ჟანრის ტექსტს, რომლებშიც ავლენენ პიროვნულ და შემოქმედებით
დამოკიდებულებას. ეუფლებიან წერის ეფექტური სტრატეგიების გამოყენებას
წერის პროცესის ყველა ეტაპზე შედეგის გასაუმჯობესებლად.
Комментариев нет:
Отправить комментарий